მარიამ მიქიაშვილი , პროექტის მენეჯერი

მარიამ მიქიაშვილი, 2013 წლის სექტემბრიდან ვმუშაობ ”ბავშვი ოჯახი
საზოგადოებაში” უსინათლოთა განათლების მენეჯერად. გარდა იმისა, რომ
განათლებით სპეციალური პედაგოგი ვარ, თავადაც უსინათლო გახლავართ. ბევრმა
ცხოვრებისეულმა შემთხვევამ თუ გამოწვევამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე,
ამერჩია პროფესია, რომლითაც შევძლებდი უსინათლო ადამიანების ცხოვრების
გაუმჯობესებას საქართველოში. ამის განმაპირობებელი პირველ რიგში იყო ჩემი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და სწავლის ერთწლიანი
გამოცდილება. თუმცა ჩამოსვლის შემდეგ საკმაოდ გამიჭირდა სასურველი
პროფესიის მოძებნა, საბოლოოდ სოციოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი, გავემგზავრე ნორვეგიაში, ოსლოს
უნივერსიტეტში, სპეციალური პედაგოგიკის მაგისტრატურაში ჩასაბარებლად.
ოსლოში ორი წელი გავატარე. ბევრს ვსწავლობდი და კიდევ უფრო მეტს
ვმოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ცოტა ხანს, ნორვეგიის
უსინათლოთა კავშირშიც მოვასწარი მოხალისეობა. ჩამოსვლის შემდეგ კი
დავიწყე მუშაობა უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლაში სპეციალურ
პედაგოგად. პარალელურად, დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია
”მარიანი”, რომელიც მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებაზე,
რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობს.
”კითხვა უკეთესი მომავლისთვის” პროექტის დაწყებისთანავე ვმუშაობ ამ
ორგანიზაციაში, სადაც ვცდილობ მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების
რეალიზაცია და ჩემი წვლილი შევიტანო უსინათლო და მხედველობადაქვეითებული
ბავშვების განათლების გაუმჯობესებაში.
maiabibileishvili@childfamilysociety.ge